ახალი ენა, ანუ კარი ახალ სამყაროში ანანო ნიქაბაძე 2017-07-07

ახალი ენის შესწავლა სამყაროს ახლად დანახვის საშუალებას გვაძლევს. დღემდე საკამათოა, თუმცა ფაქტია, რომ ენა გავლენას ახდენს როგორც აზროვნებაზე, ასევე კულტურაზე. როდესაც ახალ ენას ვითვისებთ ვხდებით არა მხოლოდ იმ ქვეყნის კულტურის ნაწილი, არამედ უფრო ტოლერანტები, რადგან შეგვიძლია რეალობა რამდენიმე კუთხით აღვიქვათ და დავინახოთ. ამაზე ერთი უცნაური მაგალითი მახსენდება. წარმოიდგინეთ, რომ მაგიდას ლაპარაკი შეეძლოს. როგორი ხმა ექნებოდა მას? ქალის თუ მამაკაცის? ბოხი თუ წვრილი. ქართველმა ადამიანმა ნებისმიერი პასუხი შეიძლება გასცეს ამ კითხვას, თუმცა ესპანელებისთვის და ფრანგებისთვის ეს ხმა აუცილებლად ქალისა იქნებოდა, რადგან მათ ენაზე მაგიდა მდედრობით სქესს მიეკუთვენება „la table," "la mesa“. ეს საერთო მახასიათებელია თუმცა, ცხადია, იმას არ ნიშნავს, რომ ერთ ენაზე მოსაუბრენი ერთნაირად აზროვნებენ, რადგან, ვთქვათ, სერგო ორჯონიკიძეც ისეთივე ქართველი იყო, როგორიც ილია ჭავჭავაძე.

არსებობს რამდენიმე გავრცელებული სტერეოტიპი, რომლებიც მშობლებს ხელს უშლის სწორად წარმართოს  ბავშვის ენობრივი განათლება. ერთ-ერთი და ყველაზე გავრცელებული, ნაციონალისტური ტიპის შიშია, როცა მშობელს ჰგონია, რომ ადრეულ ასაკში ახალი ენის შესწავლა  ჩაანაცვლებს მშობლიურს და ბავშვი დაკარგავს „იდენტობას“.„ბილონგვოფობებს“ ვუწოდებდი საზოგადოების მეორე შემაშფოთებელ ხაზს, რომელიც ეყრდობა იდეას, რომ ორენოვან ბავშვებს სწრაფი აზროვნება უჭირთ, თითქოს ფიქრისას ჯერ  ენის გადააზრება სჭირდებოდეთ. მესამე არასწორი გავლენა სოციალურ მედიაში „ლაიქების ომია“ იმაზე, თუ ვისი ერთი წლის ასაკის  შვილი უფრო გრძელ ფრანგულ ლექსს იტყვის.

მაშ ასე, რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა ენის შესწავლა? პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი და მეორე ენების შესწავლა ადრეულ ასაკში არ არის დაკავშირებული ბავშვის ზოგადი ინტელექტის დონესთან, ენის შესწავლა საკმაოდ საფრთხილო და ინდივიდუალური პროცესია. მეორე, ბავშვის მიერ სამყაროს აღქმა შეგრძნებიდან მეტყველებამდე, რამდენიმე პროცესს გადის,  მარტივი ბგერების აღქმიდან წინადადების გაგებამდე. შესაბამისად, რაიმეს დასწავლა, იმ ასაკში, როცა მას მხოლოდ ერთი სიტყვის წარმოთქმა შეუძლია, უხეში და საშიში ჩარევაა განვითარების პროცესში (დასწავლა და  ბუნებრივად ორენოვან ოჯახში გაზრდა აბსოლუტურად განსხვავებული პროცესია). ადრეულ ასაკში ბავშვი სწავლისთვის მზაობას გამოთქვამს , იგი არჩევს ფერებს, ასხვავებს გემოს, ირჩევს ადამიანებს, რომელიც უყვარს და ა.შ თუმცა ეს პროცესი თითქოს ერთი დიდი თამაშია, იგი არ დაისჯება თუ ძაღლს კატას დაუძახებს  , ამიტომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ენაც ასეთივე გასართობი უნდა იყოს და არა მშობლის იმედგაცრუების მიზეზი.

რაში გვეხმარება ახალი ენის შესწავლა? საოცარია, მაგრამ მათემატიკური ამოცანების ამოხსნაში. მეორე ენის დაუფლებას, ისეთივე ტონუსში მოჰყავს ადამიანის გონება, როგორც სტეპ-აერობიკას - ფეხის კუნთები. რომ აღარაფერი ვთქვათ მეხსიერების გაუმჯობესებაზე, კრიტიკულ აზროვნებასა და ლექსიკურ სიმდიდრეზე. ამერიკელი ენათმეცნიერი ბენჟამინ ლი უორფი მიიჩნევდა, რომ ადამიანი სამყაროს კატეგორიზებას საკუთარი ენის საშუალებით ახდენს. რაც შემდეგ მაგალითში ჩანს, ტარაჰუმარას ენაზე ლურჯი, მწვანე და ცისფერი ერთი და იმავე სიტყვით წარმოითქმის, ამიტომ მათ არ შეუძლიათ მწვანედან ლურჯ სპექტრულ დიაპაზონში ფერების დაყოფა. ინგლისურენოვანი ბავშვები მწვანეს ცალკე გამოყოფნენ , ლურჯს და ცისფერს ერთად, რადგან ორივე ფერს ერთი სიტყვა აქვს „blue” . ხოლო ქართულენოვანი ბავშვები სავარაუდოდ სამივე ფერს სხვადასხვა ჯგუფს მიაკუთვნებდნენ, ეს ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეუძლია ენას შეცვალოს სამყაროს აღქმა. ახალი გვინეის ერთ-ერთი ტომის ენაში სულ ორი ფერი არსებობს : ბნელი და ნათელი. შესაბამისად, ამ ტომის ბავშვებს შეუძლიათ ახალ ენასთან ახალ ფერებსაც დაეუფლონ, ეს მაგალითი იმის ილუსტრაციაა, რომ ენის შესწავლა, მხოლოდ ლექსიკური მარაგის ზრდას არ ნიშნავს.

რატომ არ არის საშიში ბილინგვური განათლება? ყველა ყავა-ჩაის თემაზე განიხილებოდა საკითხი: „რა დამართეს პირველკლასელ ბავშვებს, რა დროს ინგლისურია?!“
შევეცდები, რამდენიმე კვლევით გავამყარო მოსაზრება, რომ ბილინგვალების გაორმაგებული ლექსიკური მარაგი და  მრავალფეროვნება განაპირობებს მათი აზროვნების თავისუფლებას, მოქნილობას, შემოქმედებითობასა და ორიგინალურობას. ლანკო უორელმა 1972 წელს 30 აფრიკულ/ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს შორის ჩაატარა შემდეგი კვლევა, ბავშვებს მიაწოდეს სამი სიტყვა CAP (ქუდი) , CAN(შეძლება) , HAT(ქუდი). სიტყვები 4-6 წლამდე მონოლინგვისტებს შორის დალაგდა სიტყვათა ჟღერადობის მიხედვით CAP და CAN-ად, ხოლო ბილიგვებს შორის შინაარსის მიხედვით ანუ CAP და HAT-ად. მოცემულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ორენოვანი ბავშვები სემანტიკური განვითარების ეტაპებით ორი სამი წლით უსწრებდნენ თანატოლებს. ექსპერიმენტის მეორე ნაწილში ლანკო უორელმა ბავშვებს სთხოვა, დაერქმიათ სახელები საგნებისთვის, მაგალითად, „ძროხისთვის“ დაეძახებინათ „ძაღლი“ და პირიქით.  ბილინგვალებმა გაცილებით მარტივად მოახერხეს, ხოლო მონოლინგვალებს გაუჭირდათ სახელების ჩანაცვლება; ანუ, ბილინგვალებისთვის სიტყვა და საგანი გამიჯნულია, რასაც ადგილი არ აქვს მონოლინგვალებში. ვფიქრობ, ამ მაგალითებით მინიმუმ იმ შიშს შევამცირებთ, რომ ახალი ენის დაუფლებას შეუძლია რაიმე ღირებული წაგვართვას, მით უმეტეს, როცა პირველკლასელმა მშობლიური ენა უკვე იცის.

ამრიგად, ენის შესწავლაც, ისევე როგორც ყველაფერი სამაყროში, ინდივიდუალურ დონეზე დაიყვანება, შეუძლებელია განსაზღვრო რა დრო დასჭირდება ადამიანს ახალი ენის სრულად დაუფლებაში, ზუსტად რომელ დღეს და რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა მეორე ენის შესწავლა, კონკრეტულად, რომელი ენა უნდა შეისწავლოს და ა.შ. ენის შერჩევაც კი ბავშვის ტემპერამენტზეა დამოკიდებული, თუმცა შევეცდები მოკლედ მიმოვიხილო რამდენიმე პოპულარული ენა.

  • ინგლისური - ინგლისური და კომპიუტერები, ამაზე ბევრი წერაც არ ღირს, არცერთი ვაკანსია თანამედროვე სამყაროში ამ ორი სიტყვის გარეშე არ ჩაივლის.
  • ესპანური - გარდა იმისა, რომ საკმაოდ მარტივი ენაა და ესპანურით დაწყება ნამდვილად ღირს, აშშ-ში ინგლისურის შემდეგ ყველაზე გავრცელებულია.
  • ფრანგული - ფაქტობრივად უნივერსალური ენაა, ფრანგულზე რაიმე რომანტიკულის გარდა უნდა გაგვახსენდეს, რომ მომავალი პოლიტიკოსების, ბიზნესმენების,  ხელოვნებათმოცნეების და მოგზაურების შეუცვლელი ენაა.
  • ჩინური - მხოლოდ ერთს ვიტყვი, მასშტაბები!
  • იტალიური - არაამქვეყნიურად ლამაზი ჟღერადობის გარდა, მისი უპირატესობა იმაშია, რომ ყველაზე ახლოსაა რომანული ენების ჯგუფთან, რომელიც დასაბამს იღებს ლათინურისგან. იმ ენიდან, რომელზეც ლაპარაკობდნენ რომის იმპერიაში შემავალი ხალხები, ეს სიამოვნება კი ისტორიის მოყვარულებს არ უნდა მოაკლდეთ.
  • იაპონური - ტვინის ვარჯიში და თავსატეხი თუ გნებავთ, გვერდზე გადადეთ პაზლები და შეუდექით იაპონურს. იაპონური ერთი სიტყვით „IKIGAI“ იმხელა ეგზისტენციალური მდგომარეობის აღწერა შეგიძლიათ, როგორიცაა დილით ადგომის და ყოფნა-არ ყოფნის მიზეზის გამოხატვა( და ასეთი ენაში მრავალია). ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ იაპონურს არ აქვს რიცხვი და სქესი, არსებითი სახელი კი არ იბრუნვის.

 ანანო ნიქაბაძე 

ავტორი: ანანო ნიქაბაძე