5 სტერეოტიპი ტექნოლოგიის თაობაზე ანუ წიგნის სუნი VS ელექტრონული ბიბლიოთეკა ვერო მელუა 2017-07-03

ალბათ, რაღაც დროის გასვლის შემდეგ, როცა ჩვენი აწმყო წარსულად გადაიქცევა, მანქანები იფრენენ და ხელოვნური ინტელექტი ჩვეულებრივ რამედ იქნება აღქმული, 21-ე საუკუნეზე იტყვიან, რომ ტექნოლოგიური პროგრესის ბეთლემი სწორედ ეს ეპოქა იყო. გაიხსენებენ როგორი ეჭვის თვალით უყურებდნენ ახალ ტექნიკას და მერე როგორ უჭირდათ მის გარეშე არსებობა.

გთავაზობთ 5 ყველაზე ცნობილ სტერეოტიპს, რომელზეც ჩვენი შვილთაშვილის შვილები და კიდევ იმათი შთამომავლები იმდენს იცინებენ, რამდენსაც დღეს ჩვენ ვიცინით ადამიანებზე, რომელთა ცნობიერებაშიც დედამიწა კუზე ან სპილოზე იდგა. 

1. „ჩაძვრება ტელეფონში და აღარ ელაპარაკება არავის“. - ალბათ ხშირად შეგხვედრიათ ცხელი ცრემლით დასველებული სტატუსი Facebook-ზე „There is no WiFi, talk to each other” ფოტოს დანდართვით. მეზობლებს ან ოჯახის წევრებსაც არაერთხელ უთქვამთ, რომ რაც ტელეფონი გაქვს აღარავის ეკონტაქტები. ეს სულაც არაა უცნაური ან გასაკვირი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი მშობლების თაობას იმაზე მეტ სიახლესთან მოუწია შეჯახება, ვიდრე ჩვენ. არაა მარტივი კაბელიანი სახლის ტელეფონიდან სმარტფონზე ყოველგვარი ეჭვისა და შიშის გარეშე გადახვიდე. არადა მათ რომ იცოდნენ, რომ სწორედ ინტერნეტისა და სოციალური ქსელის დამსახურებით ძალიან შორ მანძილზე მყოფ მეგობრებსაც ვინარჩუნებთ, ვიცნობთ ადამიანებსა და მათ ცხოვრებას სხვა კონტინენტზეც კი, დედამიწა იმაზე ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ეს არათუ ასოციალურებს, არამედ ფართო მასშტაბებზე გვხდის კომუნიკაბელურებს, ასეთი შფოთვაც არ ექნებოდათ.

2. „აზროვნების უნარი სულ დააკარგვინა ამ კომპიუტერებმა“. - ზოგჯერ ისე ხდება, რომ კომპიუტერთან დაჯდომა და ოჯახის უფროსი წევრებისგან უკმაყოფილების ხმამაღალი გამოხატვა ერთია. სტერეოტიპი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებს ბავშვი კომპიუტერთან, მისი „ეშმაკის მანქანასთან“ დანახვა უკვე საკმარისია რომ ითქვას „ასე ეს ბავშვი გამოშტერდება“. მიუხედავად ამისა, მჯერა, მშობლების თაობას ონლაინ ლექსიკონით სარგებლობის, ნებისმიერი კითხვის დაგუგლვის, გონების გასავარჯიშებელი თამაშებით გართობის ან ნებისმიერი სიმღერის კასეტაზე ჩაწერის გარეშე მოსმენის საშუალება რომ ჰქონოდათ, ახლა რიგრიგობით ითამაშებდნენ თავიანთ შვილებთად ერთად „Far Cry”-ს ან HDMI-თ დააკავშირებდნენ ტელევიზორსა და კომპიუტერს და ერთად მიუსხდებოდნენ „ჰარი პოტერს“.

3. „პლანშეტი კიარა წიგნი გადაშალეთ.“ - ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპია. „კომპიუტერის თაობას“ ხშირად „უწიგნურ თაობასაც“ გვიწოდებენ. ალბათ ყველას დაგიწერიათ სკოლაში ერთხელ მაინც „წიგნი თუ კომპიუტერი?“ - თემა, რომელიც სათაურშივე არასწორია, რადგან იმთავითვე ქმნის არჩევანის მოცემულობას, ვალდებული ხარ აირჩიო. არადა არ იქნებოდა ურიგო, ვინმეს რომ ეთქვა ჩვენთვის: „არანაირი „თუ“ მეგობრებო - წიგნი და კომპიუტერი!“. ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოგვცა იმის ფუფუნება, რომ ბიბლიოთეკა, რომელიც ძალიან დიდი ოთახის ოთხივე კედელს გაავსებდა, ერთ პატარა მოწყობილობაში ჩავტიოთ, ვიკითხო სადაც გვინდა და როცა გვინდა, ჩანთის სიმძიმით აკიდებული სქოლიოზის გარეშე. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად გვეუბნებიან: „წიგნის სუნი მაინც სულ სხვაა“. მე მესმის მათი. წიგნის სუნის სიყვარულის გამო თუ ელექტრონული ბიბლიოთეკით მოტანილ კომფორტზე უარის თქმა უღირთ, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ამის მოცემულობად ქცევა უკვე სტერეოტიპს ქმნის.

ამ შეხედულებას კიდევ ერთი მხარე აქვს: დამოკიდებულება, თითქოს წიგნი ინფორმაციის მოპოვების, ლექსიკური მარაგის გამდიდრების ან უბრალოდ სიამოვნების მიღების ერთადერთი საშუალება იყოს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც წიგნების კითხვა ღლის, სიამოვნებას არ ანიჭებს და მათთვის ეს პროცესი ტანჯვად იქცევა-ხოლმე, მაგრამ უყვართ ფილმების ან სერიალების ყურება, იუთუბზე საინტერესო ვიდეოების ნახვა და სხვა. ვერავინ ვერასდროს იტყვის, რომ იმ ადამიანებს, ვინც წინგნებს კითხულობს მათზე მეტი ინტელექტი, ინფორმაცია ან ლექსიკური მარაგი აქვთ.

4. „მე რომ 10 წლის ვიყავი წრეში ბურთს ვთამაშობდი, ეჰ ნავთის სუნიც კი მენატრება...“ - ტკბილი 90-იანების გახსენება სტატიის თემის განუყოფელი ნაწილია. რეზინობანა, ომობანა, დაჭერობანა წრეში ბურთი, ეჰ... ჩვენს მშობლებს ძალიან სწყდებათ გული, რომ ეზოში აღარ ვთამაშობთ, მაგრამ ჩემს ირგვლივ არ შემხვედრია ბავშვი, რომელსაც ეზოში სირბილი ან ველოსიპედის ტარება არ უყვარს. უბრალოდ მათ მეტი არჩევანი აქვთ თამაშისა და გართობის, ვიდრე თუნდაც ჩემს თაობას ჰქონდა. შეუძლია ეზოშიც ირბინოს და საღამოს კომპიუტერთან ითამაშოს ან რაიმეს უყუროს. არჩევანის მრავალფეროვნება არის ის, რასაც შეუძლია ბავშვის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშოს ამიტომ, მგონია, რომ თეთრი შურით უნდა გვშურდეს ახალი თაობის.

5. „არ მქონდა კომპიუტერი მაგრამ შენზე ნაკლებად ჭკვიანი ვარ?“ - როცა ტექნოლოგიურ პროგრესზე ვსაუბრობთ, ხშირად ვამბობთ, რომ ესაა ინფორმაციის ულევი წყარო, თითოეულ ჩვენგანს აქვს პოტენციალი იმისა, რომ ისწავლოს რაც უნდა სახლიდან გაუსვლელად და ა.შ. ამაზე კი მშობლები იმას გვეუბნებიან, რაც სტერეოტიპის დასასათაურებლად გამოვიყენე. რატომ? ცალსახა პასუხი ალბათ ვერ გვექნება, მაგრამ დაახლოებით შეგვიძლია ვივარაუდოთ. ალბათ იმიტომ, რომ თაობებს ყოველთვის აქვთ შეჯიბრებითობა და „რა თაობა მოდის?!“ დამოკიდებულება სულაც არაა ახალი. თითქოს უფროს თაობას ყოველთვის უნდა დაამტკიცოს, რომ ახალზე ნაკლებნი არაფრით არიან. აქ კი მთავარი ერთი რამაა - „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა!“

პ.ს. 21-ე საუკუნეში ყველაფერმა შეიძლება მოგვიტანოს სარგებელი, თუ რაციონალურად და გონივრულად გამოვიყენებთ. ტექნოლოგიების მიმართ შიში კი ლოგიკურია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამყარო ვითარდება და სიახლე არის ის, რასაც ინტერესითა და მაქსიმალურად მეტის შეცნობის სურვილით უნდა შევხვდეთ.

 

ჩვენი მეგობარი: ვერო მელუა.

 

ავტორი: ვერო მელუა